აბორტის შემდგომი ოჯახის დაგეგმვა
ტერმინი “აბორტი” ნიშნავს ორსულობის შეწყვეტას, რაც შეიძლება მოხდეს სპონტანურად (თვითნებურად) ან სამედიცინო დაწესებულებაში – ხელოვნურად.
აბორტის გართულებების თავიდან ასაცილებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია აბორტის შემდგომი მოვლა ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გზით.
აბორტის შემდგომი მოვლა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:
- სპონტანურ ან გამოწვეულ აბორტთან დაკავშირებული გართულებების გადაუდებელი დახმარება
- ოჯახის დაგეგმვის კონსულტაცია და მომსახურება, სგგი-ს დიაგნოზი და მკურნალობა,
აივ და / ან რეფერირება ტესტირებისთვის. - საზოგადოების როლისა და უფლებების განმტკიცება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მონაწილეობის გზით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
- ფერტილობა აღდგება პირველ ტრიმესტრში ჩატარებული აბორტიდან 2 კვირაში, ხოლო მეორე ტრიმესტრის შემთხვევაში – 4 კვირის შემდეგ.
- დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ქალმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი აქტისგან მანამ, სანამ სისხლდენა არ შეწყდება (დაახლოებით 5-7 დღის მანძილზე).
- თუ ქალს სურვილი აქვს რაც შეიძლება მალე დაორსულდეს, უმჯობესია აბორტის პროცედურიდან მოცდა
შემდეგი 6 თვის მანძილზე. ასე მცირდება ნაადრევი მშობიარობის, ანემიისა და მცირე წონის ახალშობილის დაბადების რისკი. - ოჯახის დაგეგმვის ყველა თანამედროვე მეთოდის გამოყენება შეიძლება აბორტის შემდეგ დაუყოვნებლივ, ან აბორტისშემდგომი მეთვალყურეობის დროს, თუ მწვავე გართულებები არ აღინიშნება.
როდის და რა მეთოდებით შეიძლება სარგებლობა?
- კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, პროგესტინული აბები, პროგესტინული საინექციო საშუალებები, კომბინირებული საინექციო საშუალებები, კომბინირებული პლასტირი, იმპლანტები, ქალისა და მამაკაცის კონდომები – შეიძლება გამოიყენოს ქალმა ნებიესმიერ შემთხვევაში, აბორტის შემდგომ მაშინვე, იმ შემთხვევაშიც კი თუ გენიტალურ ტრაქტში აღინიშნება დაზიანებები ან ინფექცია.
- საშვილოსნოსშიდა საშუალებები, მათ შორის ლევონორგესტრელის შემცველი სპირალი (მირენა)-ადგილობრივი ჰორმონის გამოყოფით; კომბინირებული ვაგინალური რგოლი, სპერმიციდები, დიაფრაგმა, ქალის სტერილიზაცია და ფერტილობაზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება პაციენტმა გამოიყენოს მაშინ, როდესაც გენიტალური ტრაქტის დაზიანებები განიკურნება.
- ბუნებრივი მეთოდების გამოყენება – ნორმალური სეკრეციის აღდგენისთანავე (სიმპტომებზე დამყარებული მეთოდები) ან პირველი რეგულარული მენსტრუალური ციკლის შემდეგ – კალენდარული მეთოდი.
არსებობს ქალთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც აბორტის შემდეგ ურჩევნიათ გამოიყენონ კონტრაცეფციის შეუქცევადი მეთოდი – ქირურგიული სტერილიზაცია. ჩვენს ქვეყანაში ნებადართულია ქირურგიული სტერილიზაცია 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომელთაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
ყველა მეთოდი შეიძლება განვიხილოთ კონკრეტული ქალის კლინიკურ მდგომარეობაზე გარკვეული აქცენტის გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ, 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომლებიც ეწევიან 15 ან მეტ სიგარეტს დღეში, არასასურველია კომბინირებულ აბებში შემავალი ესტროგენული კომპონენტის მიღება.
ქალების ამ ჯგუფისთვის რეკომენდებულია მხოლოდ გესტაგენების შემცველი კონტრაცეპტივები.
აბორტიდან რა პერიოდშია ორსულობის ტესტები ზუსტი?
აბორტის შემდეგ ორსულობის ტესტები აჩვენებს ორსულობის ჰორმონების (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი – HCG) მაღალ დონეს, რომელიც, შესაბამისად აბორტის შემდეგ იკლებს, მაგრამ არა ისე სწრაფად, რომ მალევე მიუახლოვდეს ნორმალურ მაჩვენებელს.
ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 16 დღიდამ – 2 თვემდე, ვიდრე HCG– ის დონე დაიწევს ორსულობის ტესტის დონის ქვემოთ.
თუ ამ ვადაში გაიკეთებთ ორსულობის ტესტს, სავარაუდოდ მიიღებთ დადებით შედეგს, იმისდა მიუხედავად, ხართ თუ არა ორსულად. თუ ფიქრობთ, რომ აბორტის შემდეგ, კვლავ ძალიან მალე დაორსულდით, მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს. ექიმს შეუძლია უზრუნველყოს სისხლზე დაფუძნებული ორსულობის ტესტი, ისევე როგორც ულტრაბგერითი კვლევა იმის დასადასტურებლად, რომ ორსულობა ნამდვილად შეწყდა, ან ახალი არასასურველი ორსულობა ჯერ არ განვითარებულა.