კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

კანონი პაციენტის უფლებათა შესახებ

სამედიცინო სერვისის მიღებისას მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი, როგორც პაციენტის უფლებები. ასე უფრო მეტად დაცულები და თავდაჯერებულები ვიქნებით.
საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს კანონი ‘’პაციენტის უფლებების შესახებ”, ამ კანონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ:

  • ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია გაგვიწიოს მომსახურება ქვეყანაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად, განურჩევლად ჩვენი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენისა და პოლიტიკური შეხედულების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის, პირადი განწყობების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.
  • მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გვაქვს უფლება დაუბრკოლებლად მივმართოთ სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას, და ასევე დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს შევიცვალოთ სამედიცინო მომსახურების გამწევი.
  • ქმედითუნარიან პაციენტს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს გაანდოს თუ არა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ სხვა ადამიანს.
  • სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგაც.
  • თუ პაციენტი არასრულწლოვანია, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება აქვს მშობელს, ან კანონიერ მეურვეს. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პაციენტი რომელიც არის 14 წელს ზემოთ ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგია და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ითვლება ქმედითუნარიანად.
  • ყველა მოქალაქეს 14- წლიდან რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს მომსახურების გამწევს (საქართველოს კანონი “პაციენტის უფლებების შესახებ” თავი VIII-არასრულწლოვნის უფლებები)

ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას წინ უნდა უძღოდეს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი. წერილობითი თანხმობა აუცილებელია ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევისას, როგორებიცაა:

  • ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
  • აბორტი;
  • ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
  • დიალიზი;
  • გენეტიკური ტესტირება;
  • გენური თერაპია;
  • სხივური თერაპია და სხვ.