კომბინირებული ვაგინალური რგოლი
კომბინირებული ვაგინალური რგოლი, რგოლისმაგვარი დრეკადი მოწყობილობაა, რომელიც თავსდება საშოში.
ვაგინალური რგოლი განუწყვეტლივ გამოყოფს 2 ჰორმონს – პროგესტინსა და ესტროგენს (ეთინილესტრადიოლი + ეტონოგესტელი), რომლებიც პროგესტერონისა და ესტროგენის ბუნებრივი ჰორმონების ხელოვნური ანალოგებია. გამოთავისუფლებული ჰორმონები შეიწოვება საშოს კედლის მეშვეობით, რის შემდეგაც ისინი სისხლში ხვდებიან. ჰორმონების საშუალებით ხდება ოვულაციის დათრგუნვა, რაც იწვევს კონტრაცეფტიულ ეფექტს.
რგოლი საშოში თავსდება 21 დღის ვადით, შემდეგ კი ხდება მისი მოცილება (ზუსტად 7 დღის განმავლობაში), ამ პერიოდში ქალს ეწყება მენსტრუალური გამონადენი.
მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია მომხმარებელზე: ორსულობის რისკი ყველაზე მაღალია, როდესაც ქალი აგვიანებს რგოლის ჩანაცვლებას.
7-დღიანი შესვენების შემდეგ, ქალს კვლავ შეუძლია ახალი რგოლის გამოყენება.
დაორსულების რისკი იზრდება, თუ ვადები არ არის დაცული.
სწორად სარგებლობის შემთხვევაში, მეთოდის ეფექტურობა მაღალია.
სასარგებლო ეფექტის ხასიათისა და ჯანმრთელობის შესაძლო რისკების თვალსაზრისით, საშოს რგოლი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მსგავსია.
ნაყოფიერების აღდგენა ხდება მეთოდის გაუქმებისთანავე.
არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.
გვერდითი ეფექტები:
- თავის ტკივილი
- საშოს გაღიზიანება, სიწითლე ან ანთება (ვაგინიტი), თეთრი ვაგინალური გამონადენი
- იწვევს ცვლილებებს მენსტრუალური სისხლდენის სქემაში, მათ შორის ამცრებს სისხლიანი გამონადენის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, ისევე როგორც ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს, რაც ხელს უწყობს რკინის უკმარისობის განვითარების სიხშირის შემცირებას.
რა უპირატესობები გააჩნია მეთოდს?
- მარტივად გამოსაყენებელია
- არ საჭიროებს ყოველდღიურ გამოყენებას (თავსდება 21 დღის ვადით)
- კონტრაცეფციის მიზნით არ ხდება სქესობრივი აქტის შეწყვეტა
- შეიძლება მოცილება ნებსმიერ დროს, ფერტილობა კი სწრაფად აღდგება
- ნაკლებად სავარაუდოა არარეგულარული ციკლის ალბათობა, მედიკამენტებთან შედარებით
- ნაკლები რაოდენობით გამოყოფს ჰორმონებს, რაც ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.
ვაგინალური რგოლი უკუნაჩვენებია შემდეგი რისკ-ფაქტორების არსებობისას:
- ჰიპერმგრძნობელობა ეთონოგესტრელის, ეთინილ ესტრადიოლის მიმართ;
- თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები (თრომბოზის მემკვიდრეობითი მიდრეკილება)
- მწვავე ან ქრონიკული მძიმე ღვიძლის დაავადება (ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე);
- ჰორმონზე დამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებების არსებობა (მიმდინარე, ან ანამნეზში), მაგ.,მკერდის ან საშვილოსნოს ონკოლოგიური პათოლგიისას, ან მათზე ეჭვის შემთხვევაში;
- გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან ;
- არ შეიძლება მისი ერთდროული გამოყენება რიგ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ პრეპარატებთან.
- სავარაუდო ორსულობა,
- ძუძუთი კვების პერიოდი;
- 18 წლამდე (18 წლამდე მოზარდ გოგონებში უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა ნაკლებობის გამო).
ვაგინალური რგოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
მწეველ ქალებში, ჭარბი წონისას, შაქრიანი დიაბეტის ან არტერიული ჰიპერტენზიის დროს, შაკიკის, სისტემური წითელი მგლურის ან ანემიის შემთხვევაში, გულის დაავადებებისას, ოტოსკლეროზის გამო სმენის დაქვეითებისას; ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებს დროს (კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი) და სხვა.
კომბინირებული ვაგინალური რგოლით სარგებლობა სხვა შემთხვევებშიც არ არის რეკომენდებული, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. გართულებებისა და გვერდითი მოვლენების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია პროფესიონალთან კონსულტაცია.