მეძუძური ქალის კონტრაცეფცია

მეძუძური ქალის კონტრაცეფცია

მეძუძური ქალის კონტრაცეფცია ქალს აძლევს საშუალებას, არასასურველი ფეხმძიმობა თავიდან აირიდოს. მისი ეფექტიანობისთვის კი გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი.
მეძუძური დედებისთვის რეკომენდებული კონტრაცეპტიული საშუალებები:

  • კონდომი;
  • სპირალი;
  • ჰორმონალური პრეპარატი (პროგესტინის შემცველი);
  • საინექციო კონტრაცეპტივები;
  • დიაფრაგმა;
  • სპერმიციდები.

ყველა ჰორმონალური პრეპარატი( პროგესტინის შემცველი) ერთი და იმავე პრინციპით მუშაობს: ის აქვეითებს ოვულაციას ან/და არ აძლევს კვერცხუჯრედს საშვილოსნოს ლორწოვან ზედაპირზე დამაგრების საშუალებას. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ სინთეტიკური ჰორმონების არც თუ ისე დიდი რაოდენობა ორგანიზმში მუდმივად ხვდება. ოვულაციის დათრგუნვის შედეგად საკვერცხე ხელოვნურად გამოწვეულ და კონტროლირებულ „ძილს“ მიეცემა. ის ზომაში მცირდება და კვერცხუჯრედების გამოყოფა წყდება

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი( ლამი)
ლაქტაცია ძუძუთი კვებას ნიშნავს, ამენორეა – მენსტრუაციის უქონლობას. ლამი ბუნებრივი მეთოდია, რომელიც ძუძუთი კვების პერიოდში აფერხებს ოვულაციას და, შესაბამისად, ორსულობას.

უპირატესობები:
მეთოდი მაღალეფექტურია (98%), არ აბრკოლებს სქესობრივ ურთიერთობებს და არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯებს.
მეძუძური დედა ორსულობისგან ბუნებრივადაა დაცული მხოლოდ მაშინ, როდესაც შემდეგი სამი პირობა მკაცრად სრულდება:

  • ექსკლუზიური ძუძუთი კვება;
  • ბავშვის ასაკი 6 თვემდე;
  • მშობიარობის შემდეგ ქალის მენსტრუალური ციკლი არ არის აღდგენილი.

ექსკლუზიური ძუძუთი კვების დროს ბავშვს დედის რძის გარდა არ ეძლევა სხვა დამატებითი საკვები, სითხე და წყალიც კი. ის იკვებება ინდივიდუალური
მოთხოვნის მიხედვით, ხოლო კვებათა შორის ინტერვალი არ აღემატება 3-4 საათს დღისით და 6 საათს ღამით.

მეძუძური დედის დაორსულების შანსი იზრდება, როდესაც ზემოაღნიშნული სამი პირობიდან ერთერთი ირღვევა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ კონტრაცეპციის სხვა მეთოდი, რომელიც ლაქტაციის პერიოდშია ნაჩვენები.

დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არის დიდი არჩევანი მეძუძური ქალის კონტრაცეფციისათვის, რომელიც ექიმ- რეპროდუქტოლოგთან და პაციენტთან ერთად უნდა შეირჩეს, თუ რომელი მეთოდი და საშუალება არის უფრო ეფექტური და კომფორტული.

კონსულტირება არის პირისპირ/ონლაინ საუბარი ექიმთან, რომლის დროსაც ექიმი ეხმარება პაციენტს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. კონსულტირების დროს ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს “გამიგეს” პრინციპით.

  • გ – გულისხმიერად შეხვდით პაციენტს
  • ა – ანამნეზი გამოიკითხეთ მიზანდასახულად
  • მ – მიაწოდე ინფორმაცია პრობლემის ირგვლივ, უთხარით პაციენტს მეთოდების შესახებ
  • ი – ინფორმირებულ არჩევანში დაეხმარე, დაეხმარეთ პაციენტს მეთოდის შერჩევაში
  • გ – განუმარტე არჩევანი, გაარკვიე არჩევანის დეტალებში
  • ე – ერთად შეთანხმდით მომდევნო ვიზიტზე

ინფორმირებული არჩევანი – თავისუფალი არჩევანი/გადაწყვეტილებაა, რომელიც დაფუძნებულია ამ არჩევანთან/გადაწყვეტილებასთან ყველა სახის ინფორმაციის ცოდნაზე.

იმისთვის, რომ პაციენტმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, მან უნდა:

  • გააცნობიეროს ყველა მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ( ადგილობრივ ან რეფერალურ სამედიცინო დაწესებულებაში)
  • იცოდეს თითოეული ამ მეთოდის (ძირითადი) უპირატესობანი ნაკლოვანი მხარეები
  • გაიგოს თითოეული მეთოდის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
  • გაიგოს რომელიმე მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი, რამდენად ნაკლებია იგი არასასურველი ორსულობის რისკზე
  • იცოდეს ზოგადად, თუ როგორ გამოიყენება არჩეული მეთოდი.

ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული კონსულტირების დროს, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან მიმართებაში, ექიმი ეხმარება პაციენტს, რომ თავისი პრობლემის/არჩევანის ყველა ასპექტი განიხილოს იმისათვის, რომ შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო შესაფერი მეთოდი.