ორსულობის ადრეული ნიშნები ახალგაზრდებში
მოზარდ გოგონას, რომელიც სქესობრივად უკვე მომწიფებულია და სქესობრივად აქტიურია, დაუცველი სექსუალური კავშირების შემთხვევაში დაორსულების დიდი შანსი აქვს. ორსულობის ნიშნები მოზარდებსა და ზრდასრულ ქალებში დიდად არ განსხვავდება, თუმცა არსებობს საყურადღებო და ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები და საჭიროა, ამ ნიშნების გაჩენისთანავე მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა.
მოზარდთა ორსულობის ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:
- დაგვიანებული მენსტრუაცია;
- გულისრევა, ზოგჯერ პირღებინება;
- ხშირი შარდვა;
- მკერდის სისავსე და გაღიზიანება; დაღლილობის გრძნობა, ძილიანობა;
- მადის ცვალებადობა.
მოზარდობის პერიოდში მენსტრუაციის დაგვიანებას, დაღლილობას, განწყობილებისა და მადის ცვალებადობას სტრესიც იწვევს. არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი მოზარდობის პერიოდისთვის, განსაკუთრებით – მისი საწყისი ფაზისთვის, ფიზიოლოგიური თავისებურებაა, მაგრამ თუ დაორსულების ალბათობა არსებობს, ამ ნიშნის უყურადღებოდ დატოვებას მაინც არ გირჩევთ. სჯობს, დროულად დაადგინოთ მისი მიზეზი.
ორსულობის გვიანდელი ნიშნები მოზარდებში ორსულობის მიმდინარეობასთან ერთად ნიშნები უფრო აშკარა ხდება და მათი შეუმჩნევლობა ძნელია.
ეს ნიშნებია:
- მუცლის ზრდა;
- წონის მატება;
- შესაძლოა ზურგისა და თავის ტკივილები;
- ნაყოფის მოძრაობა;
- მადის გაძლიერება.