სპილენძისშემცველი საშვილოსნოსშიდა საშუალება
საშვილოსნოსშიდა საშუალება, სპირალი – მოქნილი, ინერტული პლასტიკატისგან (პოლიეთილენისგან) დამზადებული მოწყობილობაა, რომელზეც სპირალისებურად დახვეულია სპილენძის მავთული.
არაჰორმონალური სპირალი სამგვარია: T- ფორმის, O- ფორმისა და F- ფორმის.
ყველაზე გავრცელებული არაჰორმონალური სპირალი არის-სპილენძის (Cu) შემცველი.
ასევე არსებობს ვერცხლის (Ag) და ოქროს (Au) შემცველი სპირალები.
სპილენძის შემცველი სპირალების გამოყენების ვადა 3-დან 10 წლამდეა; ის კონტრაცეფციის ძალიან საიმედო და ყოველთვის შექცევადი მეთოდია (მისი ამოღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს).
მეთოდის ეფექტურობა: 1-ზე ნაკლები ორსულობა 100 ქალზე, 1 წლის მანძილზე.
საშვილოსნოსშიდა აპარატების მუშაობის პრინციპი ძირითადად განპირობებულია სპერმის გავლის მექანიკური დაბრკოლებით.
რეგულარული მენსტრუალური ციკლისას, სპილენძის სპირალის საშვილოსნოს ღრუში მოთავსება ხდება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან პირველი 12 დღის განმავლობაში.
თუ მენსტრუალური ციკლი არარეგულარულია, სპირალი შეიძლება დაინსტალირდეს ნებისმიერ დღეს, იმ პირობით, რომ ქალი ნამდვილად არ არის ორსულად!
სპილენძის შემცველი სპირალის საშვილოსნოში ინსტალაციის მომენტიდან, უკვე შეგიძლიათ გქონდეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი.
სპირალი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს (მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ, ან მეტი).
სპირალით დაცვის გამოყენებამდე აუცილებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:
- საშვილოსნოსა და მკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ტესტები სგგი-ებზე
- PAP ტესტი
სპირალის ინსტალაციის ფაქტობრივი პროცესი დაახლოებით 20 წუთი გრძელდება.
სპირალის საშვილოსნოს ღრუში მოთავსების შემდეგ, ულტრაბგერითი კონტროლი აუცილებელია!
გვერდითი ეფექტები მოიცავს მენსტრუალური სისხლდენის მხრივ ცვლილებებს: გახანგრძლივებული/არარეგულარული სისხლდენა, მომატებული მტკივნეულობა მენსტრუაციის დროს.ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ინტერმენსტრუალური სისხლდენა, როგორც წესი, ქრება შეყვანიდან პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
სპირალის ჩასმადან პირველი 3 თვის განმავლობაში, არსებობს მისი გადაადგილების რისკები, ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ სპირალი ჩამოიწია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!
სპილენძის სპირალი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
რა დადებითი მხარეები აქვს სპილენძისშემცველი საშვილოსნოსშიგა საშუალების გამოყენებას?
- იცავს არასასურველი ორსულობისგან
- ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს
- ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს
- მცირდება ექტოპიური ორსულობის რისკი
- არ ახდენს გავლენას ჰორმონალურ ბალანსზე
- უზრუნველყოფს გრძელვადიან კონტრაცეფციას
- არ ახდენს გავლენას ლიბიდოზე და არ ზრდის თრომბოზის რისკს.
რა რისკებსა და გართულებებთანაა დაკავშირებული მეთოდით სარგებლობა?
- ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ანემია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქალს რკინის მცირე მარაგი ჰქონდა ორგანიზმში მეთოდის გამოყენების დაწყებამდეც.
- იშვიათი გართულებაა მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, რაც ვითარდება მაშინ, როცა ქალი საშვილოსნოსშიდა საშუალებით სარგებლობის დაწყებამდე ქლამიდიოზით ან გონორეით არის ინფიცირებული.
- საშვილოსნოს კედლის პერფორაცია (გახვრეტა). მკურნალობას არ საჭიროებს.
- თვითნებითი აბორტი, ვადაზე ადრე მშობიარობა ან ინფექციის განვითარება.
ფაქტები სპილენძისშემცველი საშვილოსნოსშიგა საშუალებების შესახებ:
- მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში (მათ შორის მოზარდობის პერიოდშიც)
- არ ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკს, მათ შორის აივ-ის.
- მეთოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, არ იზრდება ბუნებრივი აბორტის რისკი
- არ იწვევს უშვილობას
- არ იწვევს ნაყოფის დეფექტებს
- არ იწვევს კიბოს
- სქესობრივი აქტის დროს, არ იწვევს დისკომფორტსა და ტკივილს
- კონტრაცეფციის საკმარისად ეკონომიური მეთოდია