არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

ქალის რეპროდუქციული სისტემა, ჰორმონების ზეგავლენით, მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მენსტრუალური ციკლი წარმოადგენს სხეულის ფიზიკურ-ჰორმონალური ცვლილებების ერთობლიობას და ხელს უწყობს სხეულის ორსულობისთვის მომზადებას. შესაბამისად, მენსტრუაცია – მენსტრუალური ციკლის ნაწილია. თუ ორსულობა არ მოხდა, სხეული უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და იწყება ახალი მენსტრუალური ციკლი.

მენსტრუალური ციკლი – მოიცავს პერიოდს მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე, რომელიც თავის მხრივ, ფაზებად იყოფა. ციკლის ხანგრძლივობა ინდივიდუალური და ცვალებადია, თუმცა, ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, ხოლო მენსტრუალური სისხლდენა საშუალოდ 3-7 დღე გრძელდება.

მენსტრუაციის რეგულარობა და ინტენსივობა ძალზე მგრძნობიარეა სხვადასხვა ფაქტორების მიმართ.

რა იწვევს ციკლის არარეგულარულ ხასიათს და როდის შეიძლება ის ნორმად ჩაითვალოს?

არარეგულარული ციკლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სქესობრივი მომწიფება ან მენოპაუზა (ცხოვრების ორივე ფაზაში სხეულს უჭირს ციკლის დარეგულირება ჰორმონალური ცვლილებების გამო);
  • საკვერცხეების ან საშვილოსნოს დაავადება (მაგალითად, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი);
  • აბორტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • სხვადასხვა მედიკამენტის ზეგავლენა ორგანიზმზე;
  • სტრესი;
  • კვების დარღვევები – წონაში მომატება ან დაკლება, ანორექსია და ბულემია, არასწორი დიეტა;
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია;
  • ხანგრძლივი, მაღალინტენსიური ვარჯიში;
  • სტრუქტურული ცვლილებები და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები;

  • მემკვიდრეოითობა (დედის რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები ხშირად გადაეცემა მის ქალიშვილს).

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ხშირად, ასეთი ცვლილებები დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის; პირველი მენსტრუაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, როგორც წესი, მენსტრუაცია რეგულარულ ხასიათს იღებს.

პრემენოპაუზურ პერიოდს ასევე ახასიათებს ციკლის არარეგულარულობა. ასეთი ცვლილებები ხშირად ნორმად მიიჩნევა და ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როდის არის საჭირო სპეციალისტთან კონსულტირება, ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამომწვევი მიზეზი რომელიმე დაავადება იყოს.

ექიმთან კონსულტირება საჭიროა, როდესაც:

  • მოზარდში პირველი მენსტრუაცია 15 წლამდე არ დაფიქსირდა, ან სარძევე ჯირკვლებმა არ დაიწყეს განვითარება 13 წლის ასაკში;
  • თავდაპველად ციკლი იყო რეგულარული, შემდეგ კი არარეგულარული გახდა;

  • მენსტრუაცია შეწყდა 90 დღეზე მეტი დროით და ორსულობა არ დადგა;

  • თუ მენსტრუაცია 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება და თან სისხლდენაც ჩვეულებრივზე უხვია;
  • როდესაც მენსტრუალური ციკლი 21 დღეზე ნაკლებია, ან 40 დღეზე მეტი;

  • მენსტრუალური სისხლდენა უფრო ინტენსიურია, ვიდრე ჩვეულებრივ, ან ჰიგიენური ტამპონების შეცვლა საჭიროა უფრო ხშირად, ვიდრე ყოველ ორ საათში ერთხელ;
  • თუ მენსტრუაციამდე, ან მის შემდეგ, გაქვთ სისხლიანი გამონადენი;
  • ძლიერი მენსტრუალური ტკივილის დროს.

შესაძლებელია თუ არა დაორსულება არარეგულარული ციკლის დროს?
დაორსულების ალბათობა ამ პათოლოგიის დროს ბევრად ნაკლებია, ვინაიდან რთულდება ოვულაციის პერიოდის დადგენა, თუმცა დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ალბათობა მაინც არსებობს. მნიშვნელოვანია, ასევე გამომწვევი მიზეზების ცოდნაც, რადგან ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ოვულაცია საერთოდ არ ხდებოდეს.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის თავიდან აცილების გზები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი.
    სტრესის, ჰიპოთერმიის, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება; (სტრესის პროვოცირებას იწვევს ნებისმიერი ზეწოლა, როგორც მორალური, ისე ფიზიკური. ძალადობა, სისასტიკე, ჯგუფებად დაყოფა. ბულინგის ეს ფენომენი დღეს საკმაოდ გავრცელებულია);
  • ჯანმრთელი ძილი;
  • კონდომის გამოყენება;
  • სხეულის გაჯერება ვიტამინებით და მინერალებით;
  • კვების გრაფიკისა და სამუშაო პროცესის (სწავლის, განათლების) შესაბამისობა;
  • ყოველთვიური მენსტრუალური კალენდრის წარმოება;
  • გინეკოლოგის მიერ სისტემური გამოკვლევა (ყოველ 6-12 თვეში ერთხელ მაინც).