სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) არის დაავადებები, რომლებიც უპირატესად ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კავშირით.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ვრცელდება ძალიან სწრაფად; ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება და უმეტეს შემთხვევაში მათი ასაკი არ აღემატება 30 წელს.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში წარმოადგენენ სექსუალურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს, მათი წილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობაში თითქმის ნახევარს აღწევს. სქესობრივად აქტიური 15-19 წლის ასაკის მოზარდები და 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდები, მოზრდილ მოსახლეობასთან შედარებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით ავადობის მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, რაც განპირობებულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფების ქცევითი, ბიოლოგიური და კულტურული მახასიათებლების კომბინაციით – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევაში.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დღეს განვიხილავთ სიფილისს.

საქართველოში 2012-2014 წლებში ყველა ფორმის სიფილისის ახალ შემთხვევათა შორის 15-24 ასაკობრივი ჯგუფი საშუალოდ 13%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 წლის პროცენტულ მაჩვენებლისგან, რომელიც 33%-ს შეადგენდა. ამგვარი შემცირება სავარაუდოდ მოზარდთა და ახალგაზრდების სამედიცინო პერსონალთან მიმართვიანობის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში – მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში.

სიფილის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მას იწვევს ბაქტერია (სპიროქეტე-ტრეპონემა პალიდუმ). დაავადება იკურნება ნებისმიერ სტადიაზე. მაგრამ თუ დიაგნოსტიკა მოხდა გვიან სტადიაზე, ან მკურნალობის კურსი გვიან იქნა დაწყებული, ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება შეუქცევადი გახდეს. დაავადებას შეუძლია ორგანიზმისთვის სერიოზული ზიანის მიყენება: თავის ტვინის, გულის, ღვიძლის დაზიანება.

სიფილისს უწოდებენ ასევე, ათაშანგს და ლუესს.

სიფილისი პირველად აღწერილია იტალიაში მეთხუთმეტე საუკუნეში, სავარაუდოდ ის არსებობდა მანამდეც, თუმცა დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა. ვინაიდან სიფილისის გავრცელება, ფრანგების იტალიაში შეჭრას დაემთხვა, ამ დაავადებას თავიდან ფრანგული დაავადება უწოდეს. შემდგომ მას დიდი პოქსი დაარქვეს, შემდეგ სიფილისი. სიფილისის ბაქტერია გამოყვეს 1905 წელს. პირველი ეფექტური მკურნალობა შემუშავებულ იქნა რამოდენიმე წლის შემდგომ.სიფილისის პრევენციას წარმოადგენს დაცული სექსი.


ისტორიაში მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს რომ სიფილისით გარდაიცვალნენ:

  • კოლუმბი (მოგზაური და მკვლევარი)
  • ჯორჯ ვაშინგტონი (ამის სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს. ოფიციალურად მიიჩნევა, რომ გარდაიცვალა მწვავე ლარინგიტის დიაგნოზით).
  • ნაპოლეონ ბონაპარტე – ჰქონდა სიფილისი და სავარაუდოდ გარდაიცვალა მისი მიზეზით, ჭარბი რაოდენობით იღებდა არსენიკს (დარიშხანი), რომელიც იმ პერიოდში სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
  • ფრანც შუბერტი – ავსტრიელი კომპოზიტორი – მას ჰქონდა სიფილისი და გარდაიცვალა ჭარბი რაოდენობით ვერცხლის წყლის მიღებით, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში სიფილისის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა.

სიფილისი გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით (სქესობრივი აქტის დროს), ვაგინალური, ანალური და ორალური სექსით. კონტაქტი უნდა მოხდეს სიფილისურ შანკრთან (კანის/ლორწოვანის დაზიანებული უბანი).

პირველი სიმპტომები აღმოცენდება ინფიცირებიდან 10-90 დღეში. საშუალოდ სიფილისის ინკუბაციური პერიოდი 21 დღეა- ანუ ეს ის დროა, როცა ადამიანი ინფიცირებულია სიფილისით , მაგრამ პირველი სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.
სიფილისს ახასიათებს სხვადასხვა სტადიები: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული (მოგვიანებითი).

მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
მაგარი, მტკივნეული წყლული (მაგარი შანკრი) – რომელიც ინფიცირებულ ავადმყოფთან კონტაქტიდან პირველი ორი-სამი კვირის მანძილზე გენიტალურ მიდამოებში ჩნდება. იშვიათ შემთხვევებში შანკრი ჩნდება ენაზე, ტუჩებზე, მკერდზე, ანუსში ან ღრმად საშოში.


გრიპის სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა – რომელიც მოგვიანებით, ორი-სამი კვირის შემდეგ ვლინდება;
  • ჯირკვლების გადიდება;
  • უმადობა;
  • ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;
  • გამონაყარი.

სიფილისის დიაგნოსტიკა:

უმეტესად გამოიყენებენ სიფილისის ანტისხეულებზე სისხლის ტესტს.


შეიძლება სიფილისური შანკრის პირდაპირი გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპის ქვეშ. შანკრიდან იღებენ სეროზულ სითხეს (ნიმუშს) და პირდაპირ ბნელი ველის მიკროსკოპის ქვეშ განიხილავენ.


სიფილისის დიაგნოსტიკაში გამოიყენება ასევე მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიურობით გამორჩეული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტები.


სიფილისის თვითმკურნალობა საშიშია, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.