მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები
მშობიარობის შემდგომ ხშირია დაღლილობის შეგრძნება, შფოთვა, უხასიათობა და მადის შეცვლა. ეს განპირობებულია ჰორმონალური ცვლილებებით, უძილობითა და გადაღლილობით. ასეთ დაქვეითებულ განწყობას, რომელიც მშობიარობიდან მეორე ან მესამე დღეს ვლინდება და 2-10 დღის მანძილზე თვითგანკურნებით მთავრდება, მესამე დღის მელანქოლია, იგივე „ბეიბი ბლუზი“ ეწოდება.
მდგომარეობის მართვა მოიცავს ოჯახის წევრების თანადგომას, კომუნიკაციას, ჯანსაღ კვებასა და დასვენებას, თუმცა, თუ მელანქოლია 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რომელიც მოიცავს ფარმაკოთერაპიას ან კოგნიტურ თერაპიას.
„ბეიბი ბლუზისგან“ განსხვავებით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ბევრად მძიმე და საყურადღებო მდგომარეობაა. ის 2 კვირის შემდეგაც გრძელდება და ახასიათებს:
- მუდმივად დაქვეუთებული განწყობა
- სიამოვნების მიღებისა და ინტერესის დაკარგვა
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
- დაძინების გაძნელება
- ახალშობილთან კონტაქტისა და მისი მოვლის გაძნელება
- სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა
- კონცენტრირებისა და გადაწყვეტილებების მიღების გართულება
- საშიში აზრები (მაგალითად, რომ ბავშვს რაიმეს დაუშავებთ)
- დეპრესია მშობიარობის შემდეგ გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით:
- ორსულობამდე/ორსულობისას დეპრესია
- დაფეხმძიმების ასაკი (რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, რისკიც მეტია)
- გაორებული გრძნობები ორსულობასთან დაკავშირებით
- შვილების რაოდენობა (მრავალშვილიანობის შემთხვევაში რისკი მეტია)
- დეპრესიის ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე / პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევა
- მარტო ცხოვრება
- ჰორმონული ცვლილებები (ესტროგენისა და პროგესტერონის დონის სწრაფი ვარდნა, ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის ცვლილებები)
- შფოთვა
- საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებული დარდი.
ასეთ დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. დაავადება მართვადია, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ძუძუთი კვების დროს სწორი საშუალება იყოს შერჩეული. ასევე შეიძლება ფსიქოთერაპიის გამოყენებაც.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ყველაზე მწვავე ფორმა არის მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. რისკ-ფაქტორია არსებული გუნება-განწყობის აშლილობები. დაავადება იშვიათია და ვითარდება პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე.
სიმპტომები კი ასეთია:
- დაბნეულობა და დეზორიენტაცია
- ობსესიური ფიქრები შვილთან დაკავშირებით
- ჰალუცინაციები და ბოდვები
- ძილის დარღვევები
- ენერგიის სიჭარბე და აჟიტაცია
- პარანოია
- საკუთარი თავის/შვილის დაზიანების მცდელობები
მკურნალობა მოიცავს ძირითადად ანტიფსიქოზურ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს.
მშობიარობის შემდეგ ხშირია ასევე შფოთვა. ყოველი 6 მშობიარედან 1 ამ მდგომარებაშია. ამ დროს დამახასიათებელია ჰიპერვენტილაცია (ხშირი, სწრაფი სუნთქვა) და პანიკური შეტევები, რაც გამოიხატება შემდეგში:
- გულისცემის ცვლილება
- ტკივილი მკერდის არეში
- ოფლიანობა
- სუნთქვის გაძნელება
მდგომარეობისთვის დამახასიათებელია გადამეტებული ნერვიულობა, უძილობა და კონცენტრაციის გართულება. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას/ მცირე დროით მედიკამენტების მიღებას.
ახალშობილისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და მასზე ზრუნვის სურვილი ნორმალურია, თუმცა, ზოგჯერ, ქალების 1-3% ამას გადამეტებულად განიცდის. ამ მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი ობსესურ-კომპულსური აშლილობა ეწოდება.
დამახასიათებელი სიმპტომები მოიცავს განმეორებით, რიტუალურ ქმედებებს, ყველა საგნის გადამეტებულ წმენდას, რასაც ბავშვი შეიძლება შეეხოს, ახალშობილის განმეორებით, ხშირ გადამოწმებას, ფიქრებს იმის შესახებ რომ ჩვილი შეიძლება მოკვდეს, ან რაიმე დაუშავდეს. მკურნალობა, ამ შემთხვევაშიც თერაპიასა ან მედიკამენტურ კურსს მოიცავს.
ჩამოთვლილი მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები ყურადღებასა და შესაბამისი ჩარევების განხორციელებას საჭიროებს. ამ დროს მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მხრიდან თანადგომა და ზრუნვა.