ორსულთა კვება

ორსულთა კვება

ორსულობისას ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს კვებას, რადგან დაიცვას ნაყოფი ზოგიერთი ნივთიერების მავნე ზეგავლენისაგან და მოამარაგოს ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ელემენტით.
არსებობს მოსაზრება, რომ ქალმა ამ დროს ორი ადამიანის სამყოფი ულუფა უნდა მიირთვას, თუმცა ეს მცდარია. ყოველდღიურად, ორსულმა დაახლოებით იმაზე 300 კკალ-ით მეტი უნდა მიიღოს (ტყუპების შემთხვევაში 600), ვიდრე ჩვეულებრივ მიირთმევდა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კალორიების შევსება სუფთა და უსაფრთხო პროდუქტებით უნდა მოხდეს.

ორსულობისას წონაში მატება ნორმალურია და განპირობებულია ნაყოფის ზრდით, პლაცენტის მასით, ამნიონური სითხითა და შინაგანი ორგანოების ადაპტაციით. ნამატის სიდიდე დამოკიდებულია ქალის სხეულის მასის ინდექსსა და ტრიმესტრზე. ნორმალური მასის მქონე ორსული, ნორმაში 11.5-16კგ-მდე იმატებს ორსულობის მანძილზე. რაც უფრო გამხდარია ქალი, ნამატი მეტია, ხოლო სიმსუქნის შემთხვევაში კი პირიქით.

ჯანსაღი კვება ნებისმიერი ადამიანისთვის რეკომენდირებულია და ამ მხრივ, ორსულობისას რაიმე განსაკუთრებული, აუცილებლად მისაღები საკვები არ არსებობს.

მნიშვნელოვანია სითხის საჭირო რაოდენობით მიღება ისევე როგორც რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, რაც მოიცავს შემდეგ პროდუქტებს :

  • ბოსტნეული
  • ხილი
  • რძის პროდუქტები
  • მარცვლეული
  • ხორცი

თუმცა არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რაც უნდა გაითვალისწინოს ორსულმა ქალმა და ეცადოს თავი აარიდოს შემდეგს:

  • არაპასტერიზებული რძე, მისგან დამზადებული პროდუქტები
  • ძეხვეული
  • უმი და არასრულად გამომცხვარი ზღვის პროდუქტები, კვერცხი და ხორცი (მათ შორის სუში)
  • შებოლილი ზღვის პროდუქტები

ორსული ასევე უნდა მოერიდოს ყოველდღიურად >300 მგ. კოფეინის მიღებას, რადგან ეს დაკავშირებულია ორსულობის შეწყვეტის/ მცირე წონის ნაყოფის დაბადების რისკთან. მას შეიცავს ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა. 1 ჭიქა ყავა, დაახლოებით 60 მგ. კოფეინს შეიცავს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შეიძლება 150 მგ.-ის შემცველი იყოს. ასევე შავი და მწვანე ჩაი, გამაგრილებელი სასმელები – 250 მლ. დაახლოებით 50 მგ. კოფეინს შეიცავს.

მნიშვნელოვანია საკვები იყოს კარგად გარეცხილი, ჰიგიენის ნორმების გათვალისწინებით მომზადებული და კარგად გამომცხვარი; ასევე, შენახვის შემთხვევაში, შესაბამისი ტემპერატურა და ვადა უნდა იყოს დაცული.