პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივები

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივები

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივები ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებებია. მისი სხვა ფორმის გამოყენება კანქვეშ ინექციის სახითაც შეიძლება. ჰორმონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადადის სისხლში.

მეთოდით სარგებლობის მიზანი ოვულაციის დათრგუნვაა. ეფექტურობა კი ასეთია – სწორად, დროულად გამოყენების შემთხვევაში 1 ქალზე ნაკლები ორსულობა 100 ქალიდან წელიწადში. ფერტილობის აღდგენა ხდება მეთოდით სარგებლობის შეწყვეტიდან 1-4 თვის შემდეგ (გააჩნია რომელ პროგესტაგენულ საინექციო საშუალებას მოიხმარდა ქალი).

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მეთოდი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰორმონული მეთოდი, არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.


რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიხატოს?

  • მენსტრუალური სისხლდენის ცვლილებები – პირველი 3 თვის მანძილზე არარეგულარული ან პროლონგირებული სისხლდენა. 1 წლის მანძილზე – ყოველთვიური სისხლდენის არარსებობა, არარეგულარული/იშვიათი სისხლდენა
  • წონაში მომატება
  • თავის ტკივილი
  • თავბრუს ხვევა
  • დისკომფორტი მუცლის არეში
  • ხასიათის ცვლილებები
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • ძვლის სიმკვრივის დაქვეითება

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებელში არ ვლინდება.

რატომ მოსწონთ ქალებს ეს მეთოდი?

  • გამოყენება ხდება არა ყოველდღიურად, არამედ 2-3 თვეში ერთხელ
  • სექსუალური აქტის შეწყვეტას არ საჭიროებს
  • დაცულია კონფიდენციალურობა
  • ყოველთვიური სისხლდენა ჩერდება ზოგიერთ ქალში
  • შეიძლება წონის მომატებაში დაეხმაროს ქალს

რა დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე?

  • ამცირებს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს
  • იცავს რკინადეფიციტური ანემიისგან
  • ამსუბუქებს ენდომეტრიოზის სიმპტომებს (მენჯის არეში ტკივილი, არარეგულარული გამონადენი)
  • ამცირებს საშვილოსნოს ფიბროიდების წარმოქმნის რისკს

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივებით სარგებლობის დაწყებამდე, აუცილებელია კონსულტაცია პროფესიონალთან, რადგან, არსებობს მრავალი დაავადება/მდგომარეობა, როდესაც მეთოდის გამოყენება უკუნაჩვენებია.