უარყოფითი მოლოდინის უცნაური ძალა-კოვიდ 19-ის ვაქცინაცია და მენსტრუალური ცვლილებები

უარყოფითი მოლოდინის უცნაური ძალა-კოვიდ 19-ის ვაქცინაცია და მენსტრუალური ცვლილებები

არა მხოლოდ ქალები, არამედ მთელი მსოფლიოს სამედიცინო ექსპერტები ეკითხებიან საკუთარ თავს: შესაძლებელია თუ არა COVID 19– ის ვაქცინაციამ გავლენა იქონიოს მენსტრუალურ ციკლზე? და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას რეპროდუქციული ასაკის ქალებში?
ვაქცინირებასა და მენსტრუალური ციკლის დარღვევებს შორის მიზეზობრივი კავშირის საკითხი, აშკარად აქტუალობას იძენს და სულ უფრო მეტად მოიცავს მედიცინასა და მეცნიერებას.

COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, ზოგიერთი ქალი აღნიშნავს უფრო მტკივნეულ, არარეგულარულ მენსტრუაციას და მენსტრუაციათა შორის სისხლიან გამონადენს. ისინი გვეკითხებიან, შესაძლებელია, რომ ეს აცრის შემდგომი ანომალიური რეაქცია იყოს, თუ ნორმალური მოვლენაა კორონავირუსზე ვაქცინის მიღების შემდეგ?

კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ვაქცინით აცრისას, ცნობილია ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად, ტკივილი აცრის მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და სხვა. ეს, ჩვეულებრივ, ორგანიზმის უწყინარი და დროებითი რეაქციაა აცრაზე.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19– ის პრევენციაში აჭარბებს გვერდითი მოვლენების რისკს.

ნებისმიერმა ვაქცინამ (მაგ. გრიპის ვაქცინა და სხვა), ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია გამოიწვიოს დროში შეზღუდული უჩვეულო რეაქცია, დაღლილობიდან სხვა კლინიკურ სიმპტომებამდე.
კვლევა იმის შესახებ, განიცდიან თუ არა ქალები მენსტრუალური ციკლის,
და / ან რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცვლილებებს ნებისმიერი სხვა ვაქცინის მიღების შემდეგ – არ არსებობს.

საქმე იმაშია, რომ ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში მენსტრუალური ციკლის დარღვევებზე ფუნდამენტალური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, რადგანაც არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი იმუნიზაციის გამოცდილება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და თან ასე მცირე პერიოდში.
მენსტრუალური ციკლი ადრეც მერყეობდა ზოგიერთ ქალში, მაგრამ ამისთვის ადრე დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.

მენსტრუალური ციკლის დაღვევების პროვოცირება.

როგორც ცნობილია, ქალის ციკლი ჰორმონდამოკიდებული მოვლენაა. ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და საკვერცხეები აკონტროლებენ ქალის სასქესო ჰორმონებს. საშუალოდ, ყველა ქალს დაახლოებით 500-მდე მენსტრუალური ციკლი აქვს ცხოვრებაში. 45-55 წლის ასაკში ციკლი უფრო არარეგულარული ხდება და შესაბამისად, მისი ინტენსივობაც იცვლება.

ვფიქრობ, არა მხოლოდ ახალ SarsCov2-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (mRNA, ან სხვა ტიპის), არამედ ნებისმიერ სხვა ვაქცინას შეუძლია გავლენა იქონიოს ქალის
ფსიქო-სომატურ მდგომარეობაზე და შესაბამისად, მენსტრუალურ ციკლზეც, ვინაიდან ყველაფერი, რაც გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციურ მდგომარეობაზე, მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
მცირედი სტრესიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მენსტრუალური ციკლის დროებითი დარღვევის მიზეზი გახდეს.
ბევრი ადამიანისთვის კორონა-ვირუსი კრიზისული გამოწვევაა და სტრესია როგორც მთელი ორგანიზმისთვის, ასევე ფსიქიკისთვისაც.

იმუნური პროცესები გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ მოვლენაზე.
ახალგაზრდების იმუნური სისტემა უფრო ეფექტურად რეაგირებს ვაქცინაზე, შესაბამისად, მენსტრუალური ციკლიც მერყეობს.

იმუნოლოგიურ საფუძველზე შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიზნად ისახავს თავდაცვის რეაქციის ჩამოყალიბებას.
იმუნური უჯრედები გვხვდებიან საშვილოსნოშიც, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ მენსტრუალური ციკლის ნორმალურად ფუნქციონირების პროცესში.

ეს ნიშნავს, რომ იმუნურ უჯრედებში ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური სისხლდენის ერთჯერადი, უმნიშვნელო დარღვევა, რაც სავარაუდოდ, ჩარევის გარეშე, თავადვე ალაგდება.
ასევე გასათვალისწინებელია, თუ მენსტრუალური ციკლის რომელ ფაზაში ჩატარდა ვაქცინაცია.

სისხლის კოაგულაციის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება მენსტრუალური სისხლდენის შეცვლის მიზეზად წარმოჩინდება (ასეთი ცვლილებელი არაიშვიათია ჰორმონალური კონტრაცეფციის მიღებისას, თრომბოზისადმი მაღალი რისკის მქონე ქალებში).

როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე მთელი „პანდემიური მდგომარეობა“ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი,
რაც ასევე გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე.
მენსტრუალური ციკლის დარღვევები არაიშვიათად გვხვდება, მაგალითად სამსახურში სტრესის, დიეტის, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწლეობის ან სპორტულ დარბაზში გადაჭარბებული ვარჯიშის შედეგად,

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს კომიტეტი (EMA), რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების სამეცნიერო შეფასებაზე, ზედამხედველობასა და უსაფრთხოებაზე, არ ხედავს მიზეზობრივ კავშირს COVID 19-ის ვაქცინებსა და მენსტრუაციის დარღვევებს შორის.
ჯერჯერობით წარმოჩენილია მხოლოდ თეორიები და არა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის შედეგები.
თუმცა, EMA-ს მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტი შეახსენებს ვაქცინის მიმღებ ადამიანებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა „ასტრა-ზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში 60 წლამდე ასაკის ქალებში, ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა ვაქცინაციის შემდეგ?
მათ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, მიაქციონ ყურადღება საკუთარი სხეულის ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

როდის უნდა მიმართოს ქალმა ექიმს?
თუ ქალებს რვა კვირაზე დიდხანს დაუგვიანდებათ მენსტრუაცია, ან სხვა უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევებში, მიზანშეწონილია დროული კონსულტაცია ექიმთან.