საკვერცხეების პირველადი უკმარისობა (ჰიპერგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, საკვერცხის ჰიპერგონადოტროპული უკმარისობა)
დაავადება პირველად აღწერა ამერიკელმა ენდოკრინოლოგმა, ფულერ ოლბრაიტმა 1942 წელს და მას “პირველადი საკვერცხის უკმარისობა” უწოდა.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საკვერცხეების პირველადი უკმარისობის ფენომენი 40 წლამდე ქალებში, რაც მოსახლეობის 10% -ს აღწევს.
ამ მდგომარეობას ადრე „საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა“ ან „ნაადრევი მენოპაუზა“ ერქვა; თუმცა, დღევანდელ დროში, ეს ტერმინები მცდარია, რადგან საკვერცხის პირველადი უკმარისობის მქონე ქალებში ყოველთვის არ წყდება მენსტრუაცია და მათი საკვერცხეებიც, ყოველთვის არ წყვეტენ სრულყოფილად მუშაობას.
საკვერცხეები ნორმაში ოოგენეზსა (სასქესო უჯრედიების განვითარება) და ჰორმონების სეკრეციას ახორციელებენ. ეს პროცესი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაირღვეს. საკვერცხეების პირველადი უკმარისობა – ერთ-ერთი მათგანია.
როგორც აღვნიშნეთ, დაავადებას ახასიათებს საკვერცხეების დისფუნქცია 40 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში. კვერცხუჯრედისა (ოვულაცია) და სასქესო ჰორმონების გამოყოფა დაქვეითებულია და არარეგულარულ ხასიათს იღებს, რაც უშვილობის/დაორსულების გაძნელების მიზეზი ხდება.
საკვერცხეების პირველადი უკმარისობის გამომწვევი შეიძლება იყოს:
- გენეტიკური დაავადებები (მაგალითად, ტერნერის სინდრომი)
- სამედიცინო მანიპულაციები (ქირურგიული ჩარევის შედეგად მიყენებული დაზიანება, ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია)
- ენდომეტრიოზი (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება)
- გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, კერძოდ, ქლამიდიოზი. ქლამიდიებმა შეიძლება გამოიწვიონ საკვერცხეების მიდამოში მასიური ადჰეზია (‘წებოვანი“ არეები, რომლებიც იწვევენ ორგანოების შერწყმას); ეს ფენომენი კი საკვერცხეების პირველადი უკმარისობის ან მისი გაუმართაობის მიზეზია)
- აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რევმატოიდული ართრიტი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან სისტემური წითელი მგლურა
- ფოლიკულების მცირე რიცხვი დაბადებისას.
იმის მიხედვით, თუ რა არის დაავადების მიზეზი, სიმპტომებიც სხვადასხვაგვარია.
ვინაიდან საკვერცხის პირველადი უკმარისობისთვის დამახასიათბლია მენოპაუზის მსგავსი მდგომარეობა, სიმპტომებიც იგივეა. ყველაზე ნათელი ნიშანია მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა), იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა გამოირიცხულია.
სხვა შესაძლო სიმპტომებია ძილის დარღვევები, დაღლილობა და განწყობის დარღვევები, საშოს სიმშრალე, სექსუალური სურვილის ნაკლებობა, უნაყოფობა და სხვა.
ზოგჯერ, ერთადერთი მანიშნებელი, უშვილობაა, თუმცა, სხვა შემთხვევებში, დამახასიათებელია:
- ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა 3 თვის ან მეტი დროის მანძილზე)
- არარეგულარული მენსტრუაცია
- ლიბიდოს დაქვეითება
- ხასიათის ცვლილებები
- ოფლიანობა ღამით
- თვალების სიმშრალე
გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, კლინიკური სურათი შეიძლება უფრო მრავალფეროვანი იყოს, კონკრეტული გამომწვევის მიხედვით.
გართულებები მოიცავს დეპრესიას, შფოთვას, ოსტეოპოროზს, გულის დაავადებებსა და ატროფიულ ვაგინიტს (ესტროგენის ნაკლებობით გამოწვეული საშოს კედლების შეთხელება, გამოშრობა და ანთება, რომელიც ყველაზე ხშირად მენოპაუზის შემდეგ ვითარდება).
დიაგნოსტიკა
- როდესაც ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის FSH დონე შეესაბამება მენოპაუზის მაჩვენებლებს, რაც ეფუძნება ორი თვის ან მეტი ინტერვალით ჩატარებული ორი ტესტის შედეგს.
- ისევე როგორც მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა, სისხლში გლუკოზის, სისხლის ელექტროლიტებისა და კრეატინინის განსაზღვრა, ზოგჯერ გენეტიკური ტესტები.
განკურნებისა და საკვერცხეების ნორმალური ფუნქციის აღდგენის მეთოდი დღეისათვის არ არსებობს, თუმცა, შესაძლებელია მდგომარეობის მართვა და გართულებების რისკების შემცირება.
მკურნალობა მიზნად უნდა ისახავდეს ენდოკრინული, გენეტიკური, ემოციური და რეპროდუქციული პროცესების გამოსწორებას.
მათთვის, ვისაც არ სურს დაორსულება, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია ინიშნება. დაორსულების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერება. გართულებების მკურნალობა გულისხმობს კალციუმისა და D ვიტამინის მიღებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და გამომწვევისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ თერაპიას.
ამრიგად, საკვერცხის პირველადი უკმარისობის დიაგნოზი ყოველთვის არ ნიშნავს დაორსულების შეუძლებლობას.
უფრო მეტიც, ეს დარღვევა არ ნიშნავს ქალის ნაადრევ დაბერებას; ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მისი საკვერცხეები ნორმალურად აღარ ფუნქციონირებს.