,,ავარიული” ანუ გადაუდებელი კონტრაცეფცია ნებისმიერ ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეიძლება დასჭირდეს.
ავარიული კონტრაცეფცია დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. მას მეორენაირად ,,მეორე დილის აბებსაც” უწოდებენ, მაგრამ სიტყვა გადაუდებელი უკეთ ასახავს თავის არსს. გადაუდებელი კონტრაცეფცია უსაფრთხო მეთოდია. არ გვაქვს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ მის გამოყენებას სამედიცინო გართულება მოჰყოლოდა ან ფატალური შემთხვევით დასრულებულიყო.
როდის უნდა გამოვიყენოთ ემერჯენსი აბები?!
გადაუდებელი კონტრაცეფცია არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა:
- დაუცველი სქესობრივი კავშირი;
- კონტრაცეპტივის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევა – კონდომის გახევა ან ჩამოცურება;
- ზედიზედ ორი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის გამოტოვება;
- სქესობრივი აქტის წარუმატებელი შეწყვეტა;
- ციკლის ფერტილური დღის არასწორი გამოთვლა;
- საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოვარდნა, და სხვ;
- სექსუალური ძალადობისას, როდესაც ქალი არ იყო დაცული კონტრაცეფციული მეთოდით( გაუპატიურება, ძალადობა).
გადაუდებელი კონტრაცეფცია დაუცველი სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 72-120 საათისა უნდა იყოს მიღებული.
თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მისი ხშირად გამოყენება რეკომენდირებული არ არის და არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გვიცავს.