გადაუდებელი პოსტკოიტალური კონტრაცეფცია (პკკ)
გადაუდებელი კონტრაცეფცია გულისხმობს ჰორმონალური პრეპარატების (ანტიგესტაგენი, გესტაგენი) ან საშვილოსნოსშიდა საშუალების (სპირალი) გამოყენებას დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 1-3 დღის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა.
გადაუდებელ კონტრაცეფციის ჩვენებაა:
- გაუპატიურება
- დაუცველი სქესობრივი კავშირი
- არასწორად შესრულებული შეწყვეტილი სქესობრივი აქტი
- პრეზერვატივის გახევა სქესობრივი ცხოვრების დროს
- ორალური კონტრაცეპტივების (აბის) გამოტოვება
რა უნდა ვიცოდეთ ჰორმონალური პკკ-ის მიღების შემდეგ:
- მენსტრუაცია შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე ან გვიან მოსალოდნელ თარიღამდე
- მენსტრუალური სისხლდენა შესაძლებელია იყოს ჭარბი
- თუ აბების მიღებიდან 3 კვირაში არ დაგეწყოთ ციკლი და გაჩნდა ორსულობისათვის დამახასიათებელი ჩივილები, ან უჩივით ტკივილს მუცლის ქვემო არეში – მიმართეთ ექიმს
- შემდგომი მენსტრუაციის დადგომამდე გამოიყენეთ თავდაცვის ბარიერული მეთოდები (პრეზერვატივი).
პკკ-ის უკუჩვენებაა:
- თრომბოემბოლია ანამნეზში ან გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან
- ღვიძლის მძიმე დაავადება
- ძლიერი თავის ტკივილის ეპიზოდები (შაკიკი)
- 35 წელზე მეტი ასაკი
- მწეველი
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
- გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის და სარძევე ჯირკვლების არეში, თრომბოზები.
- როგორც წესი გვერდითი მოვლენები აბების მიღებიდან 2-3 დღეში თავისით გაივლის.
- პრეპარატის ტერატოგენული მოქმედებიდან გამომდინარე, აბების მიღების ფონზე დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, ორსულობის გამოსავალი გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი.
საშვილოსნოსშიდა გადაუდებელი კონტრაცეფცია
მეთოდი ითვალისწინებს საშვილოსნოს ღრუში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის (სპირალის) ჩადგმას დაუცველი სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 3-5 დღეში. მეთოდის არსი მდგომარეობს უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედისათვის საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციის
(მიმაგრების) შეფერხებაში.
მეთოდი არ არის რეკომენდირებული:
- არანამშობიარევ ახალგაზრდა ქალებში
- სხვადასხვა პარტნიორის, ან ხშირი სქესობრივი აქტის მქონე პაციენტებში
- შემთხვევითი სქესობრივი აქტის ან გუპატიურების შემთხვევაში
- ანამნეზში ხშირი გენიტალური ტრაქტის ინფექციები
მეთოდი ისეთივე ეფექტურია, როგორც ჰორმონალური პოსტკოიტალური კონტრაცეფცია.
გაითვალისწინეთ:
არ გამოიყენოთ გადაუდებელი პკკ, როგორც თავდაცვის რეგულარული საშუალება. იგი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. თუ პკკ-ის მიღების შემდეგ მენსტრუაცია გადაგიცდათ არ შეშინდეთ, ეს კონტრაცეპტივის გვერდითი ეფექტია. დაელოდეთ 5-7 დღე, ან გამოიყენეთ ორსულობის დასადგენი ტესტი.