კანქვეშა პროგესტაგენული იმპლანტები

კანქვეშა პროგესტაგენული იმპლანტები

კანქვეშა პროგესტაგენული იმპლანტები წარმოადგენენ პატარა ზომის, პროგესტინის შემცველ სილიკონის კაფსულებს.

ჰორმონალური იმპლანტი თავსდება მკლავის (წინამხრის) შიდა ზედაპირზე, კანქვეშ, სპეციალური აპლიკატორის საშუალებით (ადგილობრივი ანესთეზიით).

იმპლანტი ათავისუფლებს ეთონოგესტელს და უზრუნველყოფს სანდო კონტრაცეფციას დაახლოებით 3 წლამდე.

იმპლანტი არ განიცდის ბიოლოგიურ დაშლას და ეფექტურია ჩასმის დღიდან.

მისი ეფექტურობა თითქმის უტოლდება ქირურგიული სტერილიზაციის ეფექტურობას. ორსულობის რაოდენობა გამოყენების პირველ წელს 1,1% -ია. დაორსულების მცირე რისკი არსებობს გამოყენების დაწყების პირველ წელიწადს და ასევე, მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) მქონე ქალებში, გამოყენების ვადის ბოლოს.

 როგორ მოქმედებს იმპლანტი?

  • იწვევს საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის ზრდას, რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდების ცერვიკალურ არხში შეღწევას
  • თრგუნავს ოვულაციას

  • ფერტილობის აღდგენა ხდება იმპლანტის მოცილებისთანავე

  • მეთოდი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან

რა უპირატესობები გააჩნია იმპლანტის გამოყენებას?

  • იმპლანტის მოთავსების შემდეგ ქალს არ სჭირდება გამუდმებით ფიქრი კონტრაცეფციაზე
  • არ სჭირდება ამ მიზნით, ყოველდღიურად რაიმე ზომების მიღება (გარდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისა)
  • საკმაოდ მაღალეფექტურია
  • არის ხანგრძლივი მოქმედების და შექცევადი
  • არ ახდენს გავლენას სქესობრივ აქტზე

გვერდითი ეფექტები:

  • მენსტრუალურ სისხლდენასთან დაკავშირებული ცვლილებები (არ არის სახიფათო, თუმცა თუ ქალისთვის შემაწუხებელია, საჭიროებს კონსულტაციას)
  • თავის ტკივილი
  • მუცლის არეში ტკივილი
  • აკნე (გაუმჯობესება/გაუარესება)
  • წონის ცვლილებები
  • მკერდის დაჭიმულობა
  • თავბრუსხვევა
  • ხასიათის ცვლილებები
  • გულისრევა
  • გალაქტორეა (დვრილებიდან რძიანი გამონადენი)
  • ამენორეა

იმპლანტის გამოყენებასთან დაკავშირებული გართულებები, ძირითადად გამოწვეულია არასწორად შესრულებული მანიპულაციით (ინფექცია, მოცილების სირთულე, გამოგდება, სხეულის სხვა ნაწილში მისი გადაადგილება).

მეთოდთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ცრუ ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია ასეთია:

  • იმპლანტის მოცილების შემდეგ მისი მოქმედება წყდება. ჰორმონები არ რჩება ქალის ორგანიზმში
  • მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა იმპლანტის გამოყენების პერიოდში არ არის სახიფათო ნიშანი. ეს ისეთივეა, როგორც ორსულობის დროს და არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში სისხლი გროვდება
  • არ იწვევს უშვილობას
  • არ ზრდის ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის რისკს

    იმპლანტის ჩასმა მიზანშეწონილია:

  • მენსტრუალური ციკლის პირველ 7 დღეში;
  • აბორტისთანავე;
  • მშობიარობიდან 4 კვირის შემდეგ (თუ ქალი არ აპირებს ძუძუთი კვებას);
  • მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ მეძუძურ დედებში.

თუმცა, კანქვეშა იმპლანტის ჩასმა შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დროს. ამასთან,

გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თუ მეთოდის გამოყენებამდე ადგილი ჰქონდა დაუცველ სქესობრივი კავშირს, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი, სანამ ორსულობა არ გამოირიცხება ორსულობის უარყოფითი ტესტით ან შემდგომი მენსტრუაციით.
  • თუ იმპლანტის მკლავზე ინსტალირება მოხდა მენსტრუალური ციკლის პირველი 5 დღის განმავლობაში, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის სარეზერვო მეთოდი.
  • იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტის ჩასმა არ მოხერხდა ამ ვადაში, კონტრაცეფციის სარეზერვო მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი 7 დღის განმავლობაში.

    იმპლანტის მოცილება, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება იმპლანტის არაეფექტურობის დროს, საჭიროებს კანის გაჭრას.

    პროგესტაგენული იმპლანტის გამოყენება უკუნაჩვენებია მრავალი დაავადებისა თუ მდგომარების დროს. იმპლანტის მოთავსება ხორციელდება ექიმის მიერ, კონსულტაციის შემდეგ. მისი გამოყენებისას ნებისმიერი სახის დისკომფორტისას მიმართეთ ექიმს.